იარაღის ბრიტანულმა მწარმოებელმა, BAE Systems-მა უკრაინაში ოფისი გახსნა

გაერთიანებულ სამეფოს იარაღის უდიდესმა მწარმოებელმა BAE Systems-მა უკრაინაში ოფისი გახსნა, რათა შიდა მწარმოებლებთან პარტნიორობით, იარაღის წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრო ავრცელებს.


უკრაინაში დასამზადებელ იარაღებს შორისაა L119, რომელიც NATO-ს სტანდარტების 155 მმ-იან საბრძოლო მასალებს იყენებს. უკრაინულმა ძალებმა უკვე აითვისეს ლონდონის მიერ გასულ წელს გაგზავნილი L119-ის ტიპის ჰაუბიცები.


30 აგვისტოს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი BAE Systems-ის ხელმძღვანელს ჩარლზ ვუდბერნს და კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა კომპანიას ოფისის გახსნისთვის.

„საუკეთესო იარაღი, რომელიც ამჟამად ჩვენს ჯარისკაცებს ეხმარება უკრაინის დაცვაში, უნდა იყოს წარმოებული უკრაინაში. საკუთარი იარაღის წარმოების განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია," - განაცხადა ზელენსკიმ.


შეხვედრაზე სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ და BAE Systems-მა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს კომპანიის გადაწყვეტილებას, განავითაროს იარაღის წარმოება უკრაინაში.

ლონდონში დაფუძნებული BAE Systems უმსხვილესი თავდაცვითი კონტრაქტორია ევროპაში.

კომპანია მომხმარებელს იარაღების ფართო არჩევანს სთავაზობს, მათ შორის M2/M3 Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანებს, Typhoon-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, Archer-ის ტიპის საარტილერიო სისტემებს, Challenger 2-ის ტიპის ტანკებს, M777-ის ტიპის ჰაუბიცებსა და სხვა იარაღს.

„ძლიერი მოთამაშეები" შემოვლენ უკრაინის იარაღის ბაზარზე,“ - ეს განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა 28 აგვისტოს გააკეთა.