ყაზახეთი აცხადებს, რომ ნავთობის საზღვაო გზით გადასატანად ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს.
ცენტრალურ აზიაში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი ალტერნატივებს ეძებს რუსეთის გავლით მთავარი საექსპორტო მილსადენისთვის, წერს Bloomberg.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კასპიის ზღვის გავლით მიწოდებისთვის, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია KazMunayGas-ის ერთეულმა უკვე გადაწყვიტა, შეიძინოს ორი, შედარებით მცირე ზომის გემი, რომელთა წონა 8000 ტონაა.
შავ ზღვაში ოპერირების მიზნით, ასევე იგეგმება კიდევ ორი ნავთობტანკერის შეძენა. წელს ყაზახეთმა უკვე გაიტანა 300 000 ტონა ნავთობი კასპიის ზღვის გავლით და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში გადის და წელს დაახლოებით 1,5 მილიონი ტონის გაგზავნას გეგმავს. აზერბაიჯანში კასპიის ზღვის გავლითა და რუსეთის გვერდის ავლით, ყაზახეთმა ნავთობი პირველად 2023 წლის მარტში გადაზიდა.
შეგახსენებთ, რუსეთი მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, დასავლეთის სანქციების ქვეშაა. ევროკავშირის მე-11 პაკეტი სწორედ მესამე ქვეყნების შესაძლო მონაწილეობით სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს გამორიცხავს. რუსეთის სანქციების თავიდან არიდების რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ევროკავშირი აკვირდება და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს.