მთაწმინდის რაიონში, ლაღიძის N12-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის განმარტებით, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, დამკვეთმა მომართა არქიტექტურის სამსახურს ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამშენებლო სამუშაო ჩატარებული იყო შეთანხმებული პროექტის დარღვევით, დამკვეთს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
„პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა.
მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე ისტორიული კედლის ნგრევაში ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.