სტოკჰოლმში ნობელის პრემიების გადაცემის საზეიმო ბანკეტზე რუსეთის ელჩის მიწვევის გამო, ნობელის კომიტეტს მწვავედ აკრიტიკებენ.
შვედეთის ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა მიწვევა გააუქმა, მთავრობის წარმომადგენლები კი განიხილავენ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის საკითხს განიხილავენ.
ლიბერალური პარტიის თავმჯდომარემ, იოჰან გეორგ პერსონმა განაცხადა, რომ „არ აპირებს ბანკეტზე რუსეთის ელჩის გვერდით დაჯდომას, „ვიდრე უკრაინაში პუტინის სისხლიანი აგრესიული ომი გრძელდება.“
შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და სოციალ-დემოკრატების ლიდერმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ არ მიუღია ცერემონიაზე მიწვევა, მაგრამ, მისი თქმით, ნობელის ფონდმა „სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რას ნიშნავს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიო იმ რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც ამაზრზენ და უკანონო ომს აწარმოებს უკრაინაში და ასევე ემუქრება შვედეთს.“
პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონმა უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ნობელის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის მიწვევამ გული დასწყვიტა ბევრ ადამიანს როგორც შვედეთში, ისე უკრაინაში.
„ინფორმაცია გუშინ საღამოს მივიღე და საკმაოდ მწვავე რეაქცია მქონდა... ნობელის ფონდი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მაგრამ მე რუსეთს არ დავპატიჟებდი, ახლა რომ პრემიების გადაცემის ცერემონიაზე ვიყო პასუხისმგებელი,“ განაცხადა კრისტენსონმა სააგენტო TT-სთან ინტერვიუში.
შვედეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ნობელის ფონდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ ჯერჯერობით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ.
გუშინ ნობელის ფონდმა გამოაცხადა, რომ აპირებს, დაჯილდოების საზეიმო ბანკეტზე მიიწვიოს ყველა იმ სახელმწიფოს დიპლომატები, რომლებიც აკრედიტებულნი არიან შვედეთში, ასეთებს შორის არიან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატებიც.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება კრემლს გაუძლიერებს დაუსჯელობის გრძნობას და მას ახალი ბოროტმოქმედებებისკენ უბიძგებს.
CNN-ის ცნობით, საზეიმო ბანკეტზე წელს ბელორუსის ელჩიც მიიწვიეს.
ცნობისთვის, შარშან ნობელის კომიტეტმა რუსეთისა და ბელორუსის საელჩოთა წარმომადგენლები არ მიიწვია საზეიმო ღონისძიებაზე.