ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე სრულად დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. ფაშინიანის თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთმა „იგემა ამ შეცდომის მწარე ნაყოფი“, ერევანმა დაიწყო უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციის მცდელობები.

„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.999%-ით იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხითაც. თუმცა დღეს, როცა თავად რუსეთს სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ამ ვითარებაში, ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დააკმაყოფილებდა სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს. ანუ, ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ადგილზე დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა, თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა,“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, რუსი პარტნიორები სომხურ მხარეს ეუბნებიან, რომ დასავლეთის ქვეყნები სომხეთთან მუშაობენ და ქვეყნის მთავრობას უბიძგებენ, მიიღონ ზომები რუსეთის რეგიონიდან განდევნის მიზნით.


„მაგრამ, ჩვენს რუს პარტნიორებთან საუბრისას ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს და შეფასებას, რომ პირიქით, ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც გადადგამს ან არ დგამს,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს სომხეთსა და CSTO-ს შორის, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, ურთიერთობა გაუარესდა. 2020 წელს მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ CSTO-მ ერევანს პრაქტიკული დახმარება არ გაუწია.