რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) დაახლოებით, 2500-მა სამხედრომ წვრთნები დაიწყო ბელორუსის იმ ნაწილში, რომელიც NATO-ს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება. სწავლება 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მედიის ცნობით, წვრთნებს შეუერთდნენ დამკვირვებლები ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან, ირანიდან და მონღოლეთიდან.
ამასთან, CSTO-ს სწავლებაში არ მონაწილეობს ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი, სომხეთი. მიზეზები სტატიაში დაკონკრეტებული არ არის.
წვრთნების ფონზე უკრაინა საზღვრის დაცვას აძლიერებს.
ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
რაც შეეხება ბელორუსს, ცნობილია, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ.
ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.
ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.
შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.
გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.
2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.