ზოგიერთი რუსი აქტორის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის ზოგიერთი ძალები ერევანს რუსეთთან დაშორებისკენ უბიძგებენ, სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი თავად ტოვებს რეგიონს.
„ჩვენს რუს პარტნიორებთან საუბრისას ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს და შეფასებას, რომ პირიქით, ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც გადადგამს ან არ დგამს,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
ამის შესახებ მან La Repubblica-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ფაშინიანის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე სრულად დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. ფაშინიანის თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთმა „იგემა ამ შეცდომის მწარე ნაყოფი“, ერევანმა დაიწყო უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციის მცდელობები.
„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.999%-ით იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხითაც. თუმცა დღეს, როცა თავად რუსეთს სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ამ ვითარებაში, ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დააკმაყოფილებდა სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს. ანუ, ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ადგილზე დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა, თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა,“ - განაცხადა ფაშინიანმა.