ჩეხეთი მოლდოვაში სამხედრო ატაშეს გზავნის

ჩეხეთმა მოლდოვაში სამუშაოდ და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, სამხედრო ატაშის თანამდებობა შექმნა. ამის შესახებ ჩეხეთის რაიო იუწყება. წერს უკრაინული მედია.

სამხედრო ატაშის ამოცანები მოიცავს თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაძლიერებას და ჩეხეთის მრეწველობის დარგების მხარდაჭერას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან.


მოლდოვაში ჩეხეთის ელჩმა, სტანისლავ კაზეცკიმ ჩეხურ რადიოს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაადასტურა ინფორმაცია მოლდოვაში სამხედრო ატაშეს გაგზავნის შესახებ.

„ეს იყო პასუხი გლობალური უსაფრთხოების ვითარებაზე, რომელიც წარმოიშვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ," - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, დევიდ იარეშმა.

ატაშე მუშაობას კიშინიოვში ჩეხეთის საელჩოში სექტემბერში შეუდგება. მისი ვინაობა ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ატაშის თანამდებობის შექმნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალასა და მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუს შორის შეთანხმების შედეგია. ჩეხეთის სხვადასხვა საელჩოში 30-მდე სამხედრო ატაშე მუშაობს.


ივლისის ბოლოს, მოლდოვის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების შესახებ მთავრობის წინადადებას მხარი დაუჭირა.

მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა პირველად 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. მას შემდეგ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა არაერთხელ გაგრძელდა. მოსალოდნელია, რომ ის ძალაში დარჩება, ვიდრე უკრაინაში ომი გაგრძელდება.