იტალიის ყოფილმა პრემიერმა საფრანგეთი 1980 წელს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაადანაშაულა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯულიანო ამატომ საფრანგეთი დაადანაშაულა 1980 წელს სამგზავრო თვითმფრინავზე თავდასხმაში, რომელიც მისი ჩამოვარდნით დასრულდა. ავარიას 81 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიტიკოსის თქმით, ლაინერი ფრანგმა მებრძოლმა ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის მკვლელობის მცდელობისას ჩამოაგდო.


Itavia McDonnell Douglas DC-9 ტირენიის ზღვაზე, სიცილიის მახლობლად 1980 წლის 27 ივნისს ჩამოვარდა. ლაინერი ბოლონიიდან პალერმოში მიემართებოდა. დაიღუპა 77 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. ავარიის მიზეზები უცნობია. გამოძიების დროს განიხილებოდა თვითმფრინავის სტრუქტურული ხარვეზის, ბომბის აფეთქების ან რაკეტის დარტყმის ვერსიები.

მედიის ცნობით, ლაინერის ჩამოვარდნის ზონაში NATO-ს თვითმფრინავები აღმოაჩინეს. გამოძიების ფარგლებში ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალი რამდენიმე იტალიელ სამხედრო ოფიცერს ედება. გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში ამატომ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, თვითმფრინავი კადაფის ბორტში აერიათ და ის საფრანგეთის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. მანამდე იტალიის პრემიერ მინისტრმა 1980 წელს ფრანჩესკო კოსიგამ ისაუბრა ავიაკატასტროფაში საფრანგეთის საჰაერო ძალების მონაწილეობაზე.


მისი თქმით, ამის შესახებ იტალიის საიდუმლო სამსახურების წევრებმა განუცხადეს. იტალიური მედია ირწმუნებოდა, რომ მსგავსი ინფორმაცია იყო ლიბიის სადაზვერვო სააგენტოების დოკუმენტებშიც, რომლებიც 2020 წელს ტრიპოლის აღების შემდეგ აღმოაჩინეს. იტალიელმა მოსამართლემ როსარიო პრიორემ, რომელიც ერთ-ერთ გამოძიებას ხელმძღვანელობდა, კატასტროფის შესახებ მოხსენებაში განაცხადა, რომ იტალიის სპეცსამსახურების და არმიის თანამშრომლები ერეოდნენ მის საქმიანობაში. ამატომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სთხოვა, ეღიარებინა დანაშაული და „ეს სირცხვილი საფრანგეთისთვის თავიდან აერიდებინა“.


იტალიელმა პოლიტიკოსმა აღიარა, რომ მისი ვერსიის პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა. ამასთან, განაცხადა, რომ 2000 წელს, როდესაც ის მთავრობას ხელმძღვანელობდა, მან აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს ბილ კლინტონსა და ჟაკ შირაკს სთხოვა, მომხდარის მიზეზებზე ნათელი მოეფინათ, მაგრამ ბუნდოვანი პასუხები მიიღო.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ამატოს სთხოვა, წარმოედგინა შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაზეთ Le Figaro-ს განუცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება იტალიას გამოძიებას ყოველთვის აწვდიდა ინციდენტის შესახებ მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას და მზად არიან, გამოძიებასთან მომავალშიც ითანამშრომლონ.