კრამერი 2024 წლის არჩევნებზე: საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ძლიერი ძალისხმევა იქნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება ძლიერი მცდელობა, მათ შორის აშშ-ის ორგანიზაციები უზრუნველყოფენ გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში.

კრამერი თბილისში ესწრება საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება!"


„საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება ძლიერი მცდელობა, მათ შორის აშშ-ის ორგანიზაციები უზრუნველყოფენ გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს, ასე რომ შევძლებთ იმის შეფასებას, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია, ისევე როგორც არჩევნების დღე. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან დიდი ყურადღების შედეგად ჩვენ ვნახავთ სამართლიან არჩევნებს, მაგრამ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რთული ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, 2011-ში და 2012-ში ჩვენ ვნახეთ ერთი პარტიის მიერ მეორისთვის ძალაუფლების გადაცემა. მას შემდეგ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია. არჩევნების შემდეგ ვნახავთ, დარჩებიან თუ არა ისინი ხელისუფლებაში. ეს დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე", - აღნიშნა კრამერმა.


კრამერის თქმით, საქართველოში ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა და გააკეთებენ ყველაფერს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.

„არ მინდა არჩევნების წინასწარ, მის ჩატარებამდე განსჯა, მაგრამ ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ პირებს ეკისრებათ, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა და გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს", - განაცხადა დევიდ კრამერმა.