ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კმ-მდე დაგრძელდება. ამასთან, 18 თვეში დასრულდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისებია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა.
უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ეხლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, თელავის აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტი მოეწყობა. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ პროექტირება მიმდინარე წელსვე დაიწყება, რომლის დაახლოებითი ბიუჯეტი 25-30 მლნ ლარამდე იქნება. ამასთან, თელავის აეროპორტის მშენებლობის საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ და დაამტკიცებენ.
„თელავში, მოგეხსენებათ, რომ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქნას თელავის ახალი აეროპორტი. ჩვენ, პროექტირებას, მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ აეროპორტმა პირველი მგზავრი მიიღოს უკვე 2024 წლის მაის-ივნისში. პროექტისთვის გამოყოფილია დაახლოებით 25 მლნ ლარი, ეს პროექტი 25-30 მლნ ლარი დაჯდება. რაში მდგომარეობს მთავარი იდეა - ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1 700 მეტრამდე გაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ზოგადად მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავს თანამედროვე აეროპორტი ექნება.
ეს ნიშნავს იმას, რომ არამხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის, მესტია, ამბროლაურის, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარება. ამ მიზნით ჩვენ, მთავრობას გამოყოფილი გვაქვს, რამდენიმე წელია ვეხმარებით კომპანიებს და ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავაფართოებთ. ქვეყანაში ჯამში, 6 თანამედროვე აეროპორტი იქნება. თელავში აეროპორტი დამატებით კიდევ უფრო მიზიდულობას შექმნის, ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება და კიდევ უფრო სწრაფად მოხდება გადაადგილება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.