New York Times: ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი შეხვედრას რუსეთში გამართავენ

ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში გამართავენ შეხვედრას. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ლიდერები 10-13 სექტემბერს, ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართავენ მოლაპარაკებებს.


მოსალოდნელია რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში საკუთარი ბრონირებული მატარებლით ჩავა.

ამასთან, წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ლიდერი შესაძლოა, მოსკოვსაც ეწვიოს. მედიის ცნობით, ლიდერები განიხილავენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის, უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, იარაღის მიწოდების და სამხედრო თანამშრომლობის სხვა საკითხებს.

გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებაზე ისაუბრებენ. ჩრდილოეთ კორეა რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელოდება.


შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სტუმრობდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში საკუთარი მატარებლით 2019 წელსაც ჩავიდა. ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სამიტი 25 აპრილს გაიმართა. ეს კიმ ჩენ ინის ძალაუფლებაში მისვლის შემდეგ რუსეთში პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.