უკრაინამ სამხრეთ ფრონტზე ნოვოპროკოპოვკის მიმართულებით წინსვლის შესახებ გამოაცხადა

უკრაინის გენშტაბის თანახმად, თავდაცვის ძალები სამხრეთ ფრონტზე წარმატებულ შეტევას ასრულებენ. კერძოდ, სამხედროებმა წარმატებას რობოტინო-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებითაც მიაღწიეს.

„თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით. რობოტინო - ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით კი ისინი წარმატებულები იყვნენ...რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, შეტევა ქალაქის სამხრეთით გრძელდება. აქ მტერი სამხედრო პერსონალისა და საბრძოლო აღჭურვილობის დანაკლისს განიცდის, რის გამოც ისინი რეზერვებს იყენებენ," - ნათქვამია განცხადებაში.


გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ, რომელიც უკრაინულ ჯარებს სამხრეთში მეთაურობს, ორი დღის წინ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი დროისა და რესურსების 60 პროცენტი დაუთმეს იმ თავდაცვითი პოზიციების სერიის შექმნას, რომლებიც ახლა უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს.


ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის.


„თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით“, - განაცხადა ტარნავსკიმ.

მისივე განცხადებით, ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.