ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა.
ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აქტივიზმით წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ აინტერესებთ და აწუხებთ საქართველოს პერსპექტივა, ევროპული მომავალი, საქართველოს განვითარება, ჩაერთონ სამოქალაქო აქტივიზმში და წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში; საკუთარი აქტივობებით ხელი შეუწყონ საქართველოს ევროინტეგრაციას.
ეს არის პლატფორმა არამხოლოდ კონკრეტული დარგის პროფესიონალებისა და გამოჩენილი თუ წარმატებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეძებს პლატფორმას და შესაძლებლობას საკუთარი აქტივიზმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი ენერგია გარდაიქმნას ქმედებებად, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას და წინ წაგვწევს ამ პროცესში. ჩვენი პირველი აქტივობა შემდეგია: მხარი დავუჭიროთ და ერთად ვიმოქმედოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია აის შესახებ ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან.
„ეს არის სამოქალაქო პლატფორმა და გვინდა, რომ ასე პოზიციონირებდეს, თუმცა ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეგვიძლია ჩვენი ხედვები გავუზიაროთ. იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, მივესალმებით, თუ ამ განწყობებს გაიზიარებენ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საჯარო პოლიტიკურ დღის წესრიგზე მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მოსალოდნელია თუ არა, რომ „საქართველოს ევროპული ორბიტა“ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, ლომჯარია ამბობს, რომ ეს არ იგეგმება.
„საქართველოს ევროპული ორბიტა“ სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმაა და არ ვაპირებთ ის პოლიტიკურ მოძრაობად ან გაერთიანებად გადაიქცეს. მე გეგმები მაქვს ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი გველოდება და ვფიქრობ, რომ სწორედ სამოქალაქო ტიპის გაერთიანებიდან პოზიციონირება არის დღეს მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ IPN-თან.