მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ინიციატივას, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნას ითვალისწინებდა.
„შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილეს და კენჭისყრის შედეგით - 20 მომხრე, 4 - წინააღმდეგი, ჩააგდეს.
ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ინიცირებული პროექტი პარლამენტს თეონა აქუბარდიამ გააცნო.
აქუბარდიამ განმარტა, რომ რამდენადაც საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის და სურს, ცივილიზებული დასავლეთის სრულფასოვანი წევრი გახდეს, მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც დასავლეთის ქვეყნებთან თანხვედრა არსებობდეს და ფაშიზმზე გამარჯვება საქართველოშიც 8 მაისს აღინიშნოს. აქუბარდიას თქმით, რუსეთში 9 მაისის აღნიშვნა დაცლილია იმ შინაარსისგან, რაც ამ დღეს უნდა ახლდეს და პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის ქცეული.
„საქართველოში, ისე როგორც ცივილიზებულ დასავლეთში, ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება საბჭოური მემკვიდრეობისაგან განთავისუფლებისა და დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთობის თვალსაზრისით“, - განაცხადა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პროექტის განხილვისას, უმრავლესობის დეპუტატები დაინტერესდნენ, ინიციატორებს ჰქონდათ თუ არა ამ თემაზე ომის ვეტერანებთან ურთიერთობა, იცოდნენ თუ არა ვეტერანების აზრი და რას ეტყოდნენ ადამიანებს, რომლებიც ფაშიზმზე გამარჯვებას სწორედ 9 მაისს აღნიშნავენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საზოგადოებაში დაპირისპირების შეტანისა და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა იყო.
„ყველგან მანიპულაციურ დეტალებს ეძებთ იმ მიზნით, რომ ხალხი გახლიჩით“, - მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.
ასევე გაეცანით: ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 8 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღედ აცხადებს