"დავით გარეჯის საქმე ძალიან სენსიტიურია, პროცესი დიდი სიფრთხილით, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს", – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დავით გარეჯის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
"რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს ბევრი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამასთანავე, ჩვენთვის, როგორც ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს საქმე ძალიან სენსიტიურია, ერთის მხრივ, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ. თუმცა ასევე არის სენსიტიური შიდა განზომილება, რაც გვესმის საზოგადოების ნაწილისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან და ოპოზიციისგან, რომლებიც სვამენ შეკითხვებს მიმდინარე საქმის ზოგად კონტექსტთან და დროულობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის გასაგებია, რადგან ჩვენ საარჩევნო კამპანიის პროცესში ვართ. ეს ხაზს უსვამს იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ ეს პროცესი წარიმართოს მაქსიმალური კეთილგონიერებით, სამართლიანობით, გამჭვირვალობით და სამართლებრივი პროცესის პრინციპების სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.", – განაცხადა ჰარცელმა.
ცნობისთვის: პროკურატურამ კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 8 ოქტომბერს სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა და რომ ამ ბრალით ვერც მიმალული და ვერც ქვეყანაში დარჩენილი ვერ იცხოვრებს. დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ.
რას ედავება გამოძიება
გამოძიება დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 3500-მდე ჰექტარი უცხო ქვეყანას გადასცეს". როგორც პროკურატურა ამბობს, გამოძიება თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე 17 აგვისტოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ათიდან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.
აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვარი, არსებული ფორმით, 1938 წელს, საბჭოთა კავშირის პირობებში დადგინდა და ორმხრივად შეთანხმდა. თუმცა, დადგენილია სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილი - 294 კილომეტრი 446 კილომეტრიანი ზოლიდან. სწორედ შეუთანხმებელი საზღვრის დადგენაზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ივერი მელაშვილი უძღვებოდა.
პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000.
კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით: "ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
უწყების განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ გამოეყენებინათ ის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.
აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომი იყო დასახელებული რუკის მხოლოდ ასლი და მათ მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ მომხდარიყო ამ რუკის გამოყენება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ბრალდებულები, იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა რუკის დედანი, მისი ასლი კი არ იყო ავთენტური დოკუმენტი, ეწინააღმდეგებოდნენ მის გამოყენებას.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა, საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა".
პროკურატურა ამბობს, რომ მათ გამოძიება თავდაცვის სამინისტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძელზე დაიწყეს:
" საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე".
ვინ არის დავით ხიდაშელი
„გიორგი თარგამაძის ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის უწყებას რუქები „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ხიდაშელი წლების განმავლობაში უმსხვილეს რუსულ კორპორაცია “სისტემას” მართავდა. ხიდაშელი იყო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ინოვაციების დარგში, ხოლო მუბარაშკინი იმავე თანამდებობას იურიდიული განხრით იკავებდა.
ინფორმაციის მიხედვით, მუბარაშკინი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა რუსეთის საგარეო დაზვერვის ადგილობრივი რეზიდენტურების კოორდინაციის კუთხით, მათ შორის ბელგიაში. ხოლო ხიდაშელი წლების განმავლობაში მასთან აქტიურ კონტაქტზე მყოფი პირია.
პროკურატურა მოტივს ვერ ასახელებს
პროკურატურა ირწმუნება, რომ ბრალდებულები განზრახ მოქმედებდნენ და ჟურნალისტებმა მოტივის შესახებ კითხვა სახელმწიფო ბრალდებას ჯერ კიდევ 7 ოქტომბრის ბრიფინგზე დასვეს, შემდეგ სასამართლოში 8 ოქტომბერს, ბთუმცა მიიღეს ზოგადი პასუხი, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით გრძელდება.
რას ჰყვება არქიმანდრიტი კირიონი
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე „იმედი“-ს ეთერში ისაუბრა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა, რომლის გამოკითხვის შინაარსიც „კარტოგრაფების საქმის“ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარადგინა.
როგორც არქიმანდრიტი ამბობს, სადავო რუკის არსებობის შესახებ ინფორმაცია მას სასაზღვრო პოლიციაში მომუშავე ძველი თანამშრომლებისგან ჰქონდა.
„როდესაც ამ რუკის ძიება დავიწყეთ, პირველ რიგში მივედით სასაზღვრო პოლიციაში, ნატალია ილიჩოვასთან. როდესაც მას ვუთხარით, რუკას ვეძებთ, სად არის, თქვენ ხო არ გაქვთ? მან გაიოცა, ძალიან დაიბნა და თქვა, რომ არაფერი არ იცის: „ივერი არაფერში არ მახედებდა, ყველაფერს ივერი წარმართავდა და ივერის ჰკითხეთ“, - ამბობს კირიონი.
არქიმანდრიტის მტკიცებით, მას რუკის არსებობაში ეჭვი არ ეპარებოდა.
„ამიერკავკასიის ფედერაციის დროს საქართველო ცენტრი იყო. ყველანაირი მასალა ინახებოდა ჩვენთან, ჩვენგან წაიღო შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა. როგორ შეიძლებოდა, რომ ცენტრში არ დარჩენილიყო მასალა. ჩვენ, როდესაც დავიწყეთ ამ რუკისა და მასალების მოძიება, არქივიდან გამქრალი იყო ეს ნომენკლატურა და ვერ ვპოულობდით. სადღაც, რომ იყო, ფაქტია და მადლობა ღმერთს, რომ მივაგენით. დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ შეუძლებელი იქნებოდა საქართველოში ამ რუკის არარსებობა. კომისიას ექნებოდა ეს რუკა და სადღაც დალექილი იქნებოდა“, - აღნიშნავს სასულიერო პირი.
არქიმანდრიტი რუკის საკითხით 2014 წელს დაინტერესდა და დახმარება იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას სთხოვა.
„ბავშვობის მეგობარ ირაკლი ალასანიასთან მივედი თხოვნით, პირველ ეტაპზე ჩემ მიერ მოძიებული მასალები მაქვს და გთხოვ, დამეხმარე, იმიტომ, რომ ჩემი რესურსი არ ჰყოფნის ამის გაღრმავებას. მაშინ გადახედა ამ მასალებს ირაკლი ალასანიამ. დაუკავშირდა ბატონ ნოდარს, კარტოგრაფიულ განყოფილებას. მან გასცა დავალება, რომ მოგვეძებნა რუკები და კარტოგრაფიული მასალები.
როდესაც ჩვენი პოზიციის უტყუარობაში დავრწმუნდით, მაშინ მოხდა ამ მასალების წარდგინება მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. მადლობა ღმერთს, რომ მან ეს ღირსების საქმედ გაიხადა და გასცა განკარგულება ამ საქმის სრული შესწავლის. ეს მასალები, რაც ჩვენ გვაქვს, მაშინ, არის მოძიებული“, - აღნიშნავს არქიმანდრიტი.
კირიონი იხსენებს, რა ფარგლებში მოქმედებდნენ საქართველოს მესაზღვრეები:
„ჩვენ გამოძიება გვქონდა რუკისა, ჩვენ გვჭირდებოდა დამადასტურებელი მასალა იმისა, რომ გარეჯის თხემის ძირიდან საზღვარი გადიოდა მინიმუმ 600 მეტრში აზერბაიჯანის სიღრმეში. ჩვენი სასაზღვრო პატრული დადიოდა თხემის ძირიდან 600 მეტრში“. ის ამბობს, რომ 1996 წელს, როდესაც ბერთუბნის მონასტერში ახალი ჩასული იყო, ყოველდღე ხედავდა საქართველოს სასაზღვრო პატრულის მოძრაობას.
„10 წელი ისე ვიცხოვრე გარეჯში, რომ არ მინახავს აზერბაიჯანელი მესაზღვრე იმ ტერიტორიებში. შემდგომ წლებში, ჯერ ჩვენი პატრული გაქრა ამ ტერიტორიიდან და გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები“, - აღნიშნავს არქიმანდრიტი. ის ამბობს, რომ 2005 წელს ნახა პირველად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.
არქიმანდრიტის ჩვენება [რომელიც ერთვის საქმის მასალებს] სარწმუნო არ არის „კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილისთვის. „ბერ კირიონს ჰგონია, რომ რაღაც იცის... სინამდვილეში, საქართველოს საქმეს აფუჭებთ, ხალხო!" - თქვა სასამართლო პროცესზე ივერი მელაშვილმა.