კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მანამდე ბლინკენმა ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესი ძალიან გამამხნევებელია.
ზელენსკისთან საუბრისას ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს „მტკიცედ აქვს განსაზღვრული, განაგრძოს უკრაინასთან გვერდით დგომა. „კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესი „ძალიან, ძალიან გამამხნევებელია.”
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ჯო ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრას უახლოეს მომავალში მოუთმენლად ელის.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბლინკენს ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას ფართომასშტაბიანი ომის დროს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა ჩამოვსულიყავი, რათა განმეორებით დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონტრშეტევის ამჟამინდელი გამოწვევისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ ჩვენ და სხვა ქვეყნები, ისევე როგორც გრძელვადიან ძალისხმევას ვდებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას მომავლის ძალა შექმნას, რომელსაც ნებისმიერ სამომავლო აგრესიის შეკავება და მის წინააღმდეგ დაცვა შეუძლია,” - განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ფრონტის ხაზზე ვიზიტის შემდეგ მისგან შეფასებებს ელის.
„ვიცი, რომ სულ ცოტა ხნის წინ ფრონტის ხაზზე იყავით და ყველანი მზად ვართ, თქენი შეფასება მოვისმინოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ახლა კონტრშეტევაში მიიღწევა და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია”, - განაცხადა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ორი დღის განმავლობაში იქნება.