ენტონი ბლინკენმა განმარტა, რა მიზნით ეწვია უკრაინას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ჩავიდა. ენტონი ბლინკენმა კიევში ჩასვლის მიზნები განმარტა.

„დღეს დავბრუნდი კიევში, რათა შევხვდე ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს და განვიხილოთ მათი მიმდინარე კონტრშეტევა, სამომავლო დახმარება, აღდგენის ძალისხმევა და, უპირველეს ყოვლისა, უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი ერთგულების გაძლიერება,“ - წერს ენტონი ბლინკენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

გასულ ღამით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, საჰაერო განგაში კიევში ბლინკენის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე შეწყდა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში 2022 წლის აპრილსა და სექტემბერშიც იმყოფებოდა. მედიაში მისი ვიზიტის შესახებ ცნობები 5 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე, აშშ-მა უკრაინას 43 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გადასცა.