აშშ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ ქონებას პირველად გადასცემს

აშშ-ის სსახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას პირველად გადასცემს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ ქონებას, რომელიც უკრაინის არმიის ვეტერანთა მხარდაჭერას მოხმარდება.

ბლინკენმა, რომელიც უკრაინაში ვიზიტით 6 სექტემბერს ჩავიდა, კიევისთვის დამატებით, $1 მილიარდზე მეტი მოცულობის დახმარების შესახებ გამოაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, საფასური უნდა გადაიხადონ მათ, ვინც პუტინს აგრესიული ომის გაჩაღებაში დაეხმარა.


ბლინკენს კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული 5,4 მილიონი დოლარი უკრაინელი ვეტერანების რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციის მხარდასაჭერად. დაიხარჯება.


2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მ უკრაინას 43,2 მილიარდი დოლარის სამხედრო, 2,9 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული და 20,5 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარება გაუწია.