აშშ უკრაინას ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გადასცემს. შესაბამისი განცხადენა ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ახალი დახმარებიდან 175 მილიონი დოლარი უკრაინის საჰაერო თავდაცვის დახმარებისკენ მიემართება, „რაც უკიდურესი საჭიროებაა.“ ასევე, 100 მილიონი დოლარი უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო საჭიროებების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული და 300 მილიონი დოლარი - გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სამართალდამცავი ორგენოების მიერ მართლწესრიგის აღდგენასა და შენარჩუნების ძალისხმევების მხარდაჭერაზე.
„უსაფრთხოების სფეროში ახალი დაფინანსება, რომლის შესახებაც დღეს ვაცხადებთ, ასევე გამყარებული იქნება ამ შემოდგომაზე ამერიკული Abrams ტანკების ჩამოსვლითა და შეერთებულ შტატებში F-16-ებზე უკრაინელი პილოტების გაწვრთნით, რაც შეავსებს წვრთნას, რომელიც უკვე ტარდება ევროპაში,” - განაცხადა ბლინკენმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინაში მისი ბოლო ვიზიტიდან უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ 2022 წლის თებერვლიდან დაპყრობილი ტერიტორიების 50% დაიბრუნეს.
ბლინკენის შეფასებით, მიმდინარე კონტრშეტევაში ბოლო რამდენიმე კვირაში პროგრესი დაჩქარდა. ეს ახალი პაკეტი კი, დაეხმარება მას და დამეტებით იმპულსს მისცემს.
„უკრაინის გვერდით მდგომას ვაგრძელებთ, და დღეს ამ საერთო ძალისხმევებისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ ვაცხადებთ. აქ შედის 665.5 მილიონი უსაფრთხოების სფეროში ახალ სამხედრო და სამოქალაქო დახმარება. ჯამურად, რუსული სამხედრო აგრესიის დასაწყისიდან ჩვენ 43 მილიარდ დოლარზე მეტი გამოვყავით უსაფრთხოების სფეროში დახმარებაზე,” - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ორი დღის განმავლობაში იქნება.