საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია.
ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ. დღესვე, 19:30 საათზე ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ბრიფინგს გამართავს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დეტალები გაავრცელა.
კერძოდ, ამჟამინდელი უფლებამოსილებით პირველი ოფიციალური ვიზიტი, ბორელს საშუალებას მისცემს, განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ჯოზეფ ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში „ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ (საოკუპაციო ხაზი, რედ.),“ - წერია საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.