საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ჯოზეფ ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება. მან ასევე ჯოზეფ ბორელის განცხადება შეაფასა, რომ „კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“ და აღნიშნა, რომ ქვეყნის რეფორმირების პროცესი გაგრძელდება.
ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბორელს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა.
„ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო და ვთქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისე, დროის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ მას პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის გაწია და იმისთვის, რომ ჩვენი - ყველას მთავარი მზიანი ასრულდეს და საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვფიქრობ, რომ მისთვის ძალიან დატვირთული დღე იქნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ მან ხელისუფლების ყველა შტოდან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ემსახურება,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.