საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სეკულარული ღირებულებების დაცვის კანონი დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სეკულარული ღირებულებების დაცვის კანონპროექტს, რომელიც ისლამისტური ექსტრემიზმის და სეპარატიზმის წინააღმდეგაა მიმართული, მხარი დაუჭირა. ამის შესახბე ინფორმაციას France24 ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კანონპროექტს მხარი 347 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 151 დეპუტატი იყო, 65-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა.

ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა.

მიღებული კანონი გააფართოებს ქვეყნის მთავრობის უფლებებს, დახუროს რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც შემჩნეული იქნებიან ძალადობის ან სიძულვილის გაღვივებისაკენ მიმართული იდეებისა და თეორიების გავრცელებაში.

კანონი ყველა გაერთიანებას დაავალდებულებს, წერილობით დაადასტურონ, რომ დაიცავენ რესპუბლიკის ლიბერალურ ღირებულებებს, რათა სახელმწიფოსაგან დახმარების მიღება შეძლონ. ისინი ასევე ვალდებული იქნებიან, დეკლარაციებში ასახონ 10 000 ევროზე მეტი დონაციები და ჰქონდეს სერტიფიცირებული ანგარიშები.

ახალი კანონის მიხედვით, დაჯარიმდებიან ან პატიმრობა დაემუქრებათ იმ ექიმებს, რომლებიც ქალებს ე.წ. "ქალიშვილობის ტესტს" ჩაუტარებენ.

გამკაცრდება აკრძალვა პოლიგამიაზე. მსგავს აპლიკანტებს საფრანგეთში ცხოვრების უფლებას არ მისცემენ.

გარდა ამისა: კანონი ამკაცრებს შეზღუდვებს ონლაინ სიძულვილის ენაზე და კრძალავს ინტერნეტის გამოყენებას სხვა ადამიანების პირადი ინფორმაციის ბოროტი განზრახვით გავრცელებას.

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია რეგულაციების გამკაცრება ბავშვებისათვის სკოლის გარეთ განათლების მიცემაზე.

აიკრძალება საიდუმლო სკოლები, რომლებიც ისლამისტური იდეოლოგიის გავრცელებას ემსახურება.

ქორწინებისას ოფიციალური დოკუმენტის გაცემამდე წყვილს ცალ-ცალკე ინტერვიუს ჩაუტარებენ, რათა აღიკვეთოს იძულებით ქორწინების შემთხვევები.

აკრძალვა, რომელიც მოქმედებს ოფიციალურ პირებზე და მათ სამსახურში რელიგიური ატრიბუტებით გამოცხადებას უკრძალავს, გავრცელდება ტრანსპორტის, მაღაზიების და საცურაო აუზების თანამშრომლებზე.

კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კანონი მუსლიმების წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს კანონი მუსლიმებს რადიკალების ზეწოლისაგან დაიცავს. ის ირწმუნება, რომ კანონი მიმართული არ არის რელიგიების, კონკრეტულად კი ისლამის წინააღმდეგ.

კანონს თავდაპირველად ერქვა "ანტისეპარატისტული" კანონი. ამ ტერმინს მაკრონი იმის აღანიშნავად იყენებდა, რომ რადიკალი ისლამისტები საზოგადოებისგან განდგომას ცდილობდნენ. კრიტიკის შემდეგ სახელი შეცვალეს და ახლა მას ჰქვია "კანონი რესპუბლიკური ღირებულებების გასაძლიერებლად", რაშიც სეკულარიზმი და გამოხატვის თავისუფლება მოიაზრება.