ბორელის ვიზიტის პრიორიტეტული მიმართულება: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს

7 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეწვია. მან დღეს დაიწყო ოფიციალური შეხვედრები და ხაზი სწორედ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა.

„დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი,“ – დაწერა ჯოზეფ ბორელმა Twitter გვერდზე მას შემდეგ, რაც დარჩიაშვილს შეხვდა.


მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია. საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ახსენა პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე.

„ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს, როდესაც შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ. შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან მათი პოზიციები ჩვენი პოზიციების თანმხვედრი იყოს. როდესაც კანდიდატები წევრ სახელმწიფოდ გადაიზრდებიან, მათაც იმავეს კეთება შეძლონ, თავსებადი იყოს პოლიტიკა.


დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერთან აღნიშნულზე საუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვახსენეთ ეს თავაზიანად. ეს საკითხი, მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იყოს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან თავსებადობაში უნდა მოვიდეს, ეს ყველა ქვეყნის მოთხოვნაც არის,“ - განაცხადა ბორელმა.