მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია. 7 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეწვია. მან დღეს დაიწყო ოფიციალური შეხვედრები და ხაზი სწორედ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა.
„დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი,“ – დაწერა ჯოზეფ ბორელმა Twitter გვერდზე.
ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.
მან განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის კიდევ ბევრია სამუშაო.
„საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის გადამწყვეტი დრო თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირში საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით და პირველად ისტორიაში, საქართველოზე ანგარიშს, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნის შესახებ წარადგენს.
და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. კარი ღიაა და გვინდა, ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ.
მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ასევე სერიოზული ვალდებულებაა. კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს უფლება შეიძლება, ავტომატურად ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო,” - განაცხადა ბორელმა.