ბორელი თბილისში სამი ძირითადი გზავნილით ჩამოვიდა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის სამი გზავნილი წარმოადგინა, რომლითაც მისი თქმით, საქართელოში ჩამოვიდა.

  1. ჩემი საქართველოში ვიზიტის პროცესში, თქვენთან, ქართველ ხალხთან სამი ძირითადი გზავნილი მაქვს. პირველი არის ის, რომ ნამდვილად, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არამხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში.“

  2. მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი.


3.  მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. დღეს ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობები. უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და ეს არ არის უბრალო სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და მონიტორინგის მისია, რომელიც უკვე 15 წელია მუშაობს".


ჯოზეფ ბორელის თქმით, 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული.