WSJ: შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, დასავლეთში დაპატიმრებული რუსები ალექსეი ნავალნიში გაცვალოს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შესაძლოა, დასავლეთში დაკავებული რუსი ჯაშუშების გაცვლის სქემის მონაწილე გახდეს. ამ ინფორმაციას Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, თუ ასეთი გაცვლა მართლაც შედგა, მოსკოვმა შესაძლოა, სიაში შეიყვანოს დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერები, მათ შორის ნავალნი.


„თუმცა, შეერთებული შტატების უპირველესი მიზანია საკუთარი მოქალაქეების - ადვოკატ პოლ უელანის და ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩის გათავისუფლება, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას ჯაშუშობის ბრალდებით ჰყავს დაკავებული,“ წერს WSJ.

ამერიკული მედია  წერს, რომ პუტინი პირადად არის დაინტერესებული, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი დაიხსნას. რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.


„პუტინმა უსაფრთხოების საკითხებში მთავარ მრჩეველს, პატრუშევს ჯერ კიდევ 2021 წელს დაავალა რუსეთში მყოფ პატიმრებში კრასიკოვის გაცვლის შესაძლებლობის შესწავლა. მას შემდეგ მოსკოვმა კრასიკოვის შესაძლო გაცვლის საკითხი დააყენა პატიმრების გაცვლის თემაზე აშშ-სთან მოლაპარაკებისას. საუბარია აშშ-ის მოქალაქეებზე, რუსეთში ჯაშუშობისთვის გასამართლებულ ყოფილ სამხედროზე, პოლ უილანზე, რომელსაც 16 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და ასევე, ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩზე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით 2023 წლის მარტში დააკავეს,“- წერს WSJ. Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, პუტინი მხოლოდ კრასიკოვის გათავისუფლებით არის დაინტერესებული.

მედია წერს, რომ მისი შესაძლო გაცვლა დიდ წინააღმდეგობას გამოიწვევს გერმანიაში. 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა. ამასთან, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო.