13 სექტემბერს, 12:00 საათზე, უკრაინული სახლის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება. როგორც UNDP-დან Europetime-ს აცნობეს, უკრაინული სახლის შენობა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზეა განთავსებული.
უკრაინული სახლის გახსნის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, ხოლო მხარდამჭერები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გერმანიის მთავრობა არიან.
„უკრაინული სახლის მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელმისაწვდომი იქნება ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება. აქ თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ, გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები,“აცხადებენ ორგანიზატორები.
უკრაინული სახლის საზეიმო გახსნას დაესწრებიან: გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში, ტანია ჰუტი, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, ანნა ჩერნიშოვა, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, ოლექსანდრ შულგა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი, ვალენტინა მარჯანიშვილი.