თეგი: UNDP
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი გარდაიცვალა
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი გარდაიცვალა. „მძიმე გულით ვიუწყებით საქართველოში ჩვენი მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის გარდაცვალების შესახებ. ნიკ ბერესფორდთან დამშვიდობების მსურველთათვის სამძიმრის წიგნი გაიხსნება 24 და 25 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი). ამ წარმოუდგენლად რთულ დროს, ღრმად ვუთანაგრძნობთ ნიკის ოჯახს, მათ გვერდით ვდგავართ და თანადგომას ვუცხადებთ. მისმა ურყევმა ერთგულებამ გაეროს ღირებულებების მიმართ უდიდესი გავლენა მოახდინა გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობაზე. მას სჯეროდა სიღარიბის დაძლევის და ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც იმ ოჯახებსა და თემებს სტუმრობდა, რომელთა ცხოვრება გაეროს განვითარების პროგრამის წყალობით შეიცვალა. საქართველოში გატარებული ორი წლის განმავლობაში ნიკ ბერესფორდმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. მისმა თავმდაბლობამ და კეთილშობილებამ წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის გუნდის წევრთა გულებში. ნიკ ბერესფორდის უდროოდ წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც საქართველოსთვის, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის სხვა წარმომადგენლობებისთვის მთელ მსოფლიოში, სადაც ის 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა: კამბოჯაში, ბანგლადეშში, სომალში, აღმოსავლეთ ტიმორსა თუ ნიუ იორკში. სიცოცხლეში, ნიკი ბევრისთვის მეგობარი და მისაბაძი მაგალითი იყო; სიკვდილის შემდეგ, მისი ხსოვნა შთაგონების წყარო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის გვიყვარდეს ერთმანეთი და უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესი სამყარო შევქმნათ ყველასთვის,“ - წერია UNDP Georgia-ს Facebook გვერდზე განთავსებულ ცნობაში.
თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნება
13 სექტემბერს, 12:00 საათზე, უკრაინული სახლის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება. როგორც UNDP-დან Europetime-ს აცნობეს, უკრაინული სახლის შენობა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზეა განთავსებული. უკრაინული სახლის გახსნის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, ხოლო მხარდამჭერები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გერმანიის მთავრობა არიან. „უკრაინული სახლის მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელმისაწვდომი იქნება ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება. აქ თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ, გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები,“აცხადებენ ორგანიზატორები. უკრაინული სახლის საზეიმო გახსნას დაესწრებიან: გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში, ტანია ჰუტი, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, ანნა ჩერნიშოვა, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, ოლექსანდრ შულგა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი, ვალენტინა მარჯანიშვილი.
საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობის დეკლარაციას გააფორმებენ
დღეს, პირველ დეკემბერს, სასტუმროში “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიხსნა ორდღიანი რეგიონული კონფერენცია „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის.“ კონფერენციას ესწრებიან საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და იურიდიული დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის ხელშეწყობით იმართება. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ თბილისის დეკლარაციას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ. ეს დოკუმენტი ადგენს რეგიონულ სტანდარტებს ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის და აძლიერებს კოორდინაციას საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს შორის.
მაჭახელის ხეობა მზის ენერგიის გამოყენებაზე გადადის - UNDP
მაჭახელის ხეობა მზის ენერგიის გამოყენებაზე გადადის. მარტის ბოლომდე, სოფლებში 75 მზის პანელი და 200 წყლის გამაცხელებელი დამონტაჟდება. ამის შედეგად, 1,250 მცხოვრები შეშის გამოყენებას მინიმუმამდე შეამცირებს და განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლებს. ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს. წინასწარი გათვლებით, მაჭახლის ხეობაში მზის ენერგიის გამოყენება წელიწადში 900 კუბურ მეტრ შეშას დაზოგავს, რაც დაახლებით 300 ხეს შეინარჩუნებს. „გადარჩენილი ხეები ამ სიკეთეს ასმაგად დაგვიბრუნებენ. 300 ხე ყოველწლიურად 7 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს, მავნე ემისიების გაფრქვევას შეამცირებს და კლიმატის ცვლილებას შეარბილებს. მაჭახლის ხეობაში მზის პანელებისა და წყლის გამაცხელებლების მონტაჟი ხორციელდება იაპონიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ჩვენი მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის დაცვას და განახლებადი ენერგიის გავრცელებას ემსახურება,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
UNDP: გაეროს განვითარების პროგრამა ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას უდიდეს ყურადღებას უთმობს
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) განმარტებით, UNDP-ი უდიდეს ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპების დაცვას ყველგან და ყველასთვის. UNDP-ის ხელშეწყობით მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სემინარები თუ ტრენინგი, რომლებიც დისკუსიისა და მსჯელობის სივრცეს ქმნის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, ამ პროცესში სახელმწიფოს როლის გაძლიერებაზე, ქალებისა და ახალგაზრდობის ჩართულობაზე, თუ დეზინფორმაციასა და მცდარ ინფორმაციასთან ბრძოლაზე. გაეროს განვითარების პროგრამის განმარტებით, 15-17 მარტის შეხვედრა, რომელიც UNDP-ის ხელშეწყობითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდთან“ თანამშრომლობით გაიმართა, სწორედ ასეთი სემინარების რიცხვს მიეკუთვნება. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ეფუძნება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებს, რაც ჩვენი საქმიანობის საყრდენს წარმოადგენს. UNDP-ის ხელშეწყობით მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სემინარები თუ ტრენინგი, რომლებიც დისკუსიისა და მსჯელობის სივრცეს ქმნის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, ამ პროცესში სახელმწიფოს როლის გაძლიერებაზე, ქალებისა და ახალგაზრდობის ჩართულობაზე, თუ დეზინფორმაციასა და მცდარ ინფორმაციასთან ბრძოლაზე. შეხვედრებში მონაწილეობენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელები. ჩვენი მიზანია, კონსტრუქციული მსჯელობის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. 2024 წლის 15-17 მარტის შეხვედრა, რომელიც UNDP-ის ხელშეწყობითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდთან“ თანამშრომლობით გაიმართა, სწორედ ასეთი სემინარების რიცხვს მიეკუთვნება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული მედიის წარმომადგენლები. სემინარზე გამართული მსჯელობა შეეხო ეთიკური მედია გაშუქების საკითხებს, მედიის როლს ადამიანის უფლებების დაცვასა და სწორი ინფორმაციის გავრცელებაში. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, მათ შორის ლგბტქი+ თემის უფლებებზე და დეზინფორმაციის საფრთხეებზე,“ ნათქვამია კომენტარში, რომელიც UNDP-მ Europetime-ს მიაწოდა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. 18 მარტს, "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპონენტები "დაურეგისტრირბელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან." "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა ტრენინგებზე, რომელიც მისივე ინფორმაციით, "პრაიდის" ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა. მდინარაძემ „მოუწოდა გაეროს განვითარების ფონდს და სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რას აფინანსებენ რეალურად.“