თბილისმა განაცხადა, რომ ყარაბაღის „საპრეზიდენტო არჩევნებს“ არ ცნობს. შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზე განთავსდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ყარაბაღში, რომელიც გაიმართა 2023 წლის 9 სექტემბერს.
ევროკავშირი მთიან ყარაბაღში გუშინ ჩატარებულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს.
"2023 წლის 9 სექტემბერს ხანკენდში/სტეფანაკერტში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი იმეორებს, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ის ჩატარდა,"- აღნიშნულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებაში.
მისი თქმით, ამასთან მნიშვნელოვანია ყარაბაღელი სომხები გაერთიანდნენ დე-ფაქტო ლიდერების გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ, ბაქოსთან შედეგზე ორიენტირებულ დისკუსიებში ჩაერთონ.
შეგახსენებთ, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში, 9 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" ჩატარდა და "პრეზიდენტად" სამველ შაჰრამანიანი აირჩიეს.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლის მიხედვით აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო ვერ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს.
სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის არც სომხეთმა, არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე, მოკლევადიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
შეთანხმების თანახმად, რამაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ ყარაბაღისა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა.