უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნები იმედოვნებენ, რომ აშშ-ის წარმოების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს საბრძოლო მოქმედებებში უკვე ამ ზამთარში გამოიყენებენ. იტყობინება Wall Street Journal-ი (WSJ).
კიევის სამხედრო ხელმძღვანელობის აზრით, ამ ოპტიმისტურმა განრიგმა შეიძლება, უკრაინის ჯარებს ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი ახალი უპირატესობა მისცეს.
WSJ-ის თანახმად, კიევი მიიჩნევს, რომ რამდენიმე უკრაინელი მფრინავი, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურს, შესაძლოა, F-16-ების მართვისთვის თებერვალში უკვე მზად იყვნენ. თუმცა აშშ-ის წყაროები უფრო პესიმისტურად განწყობილნი არიან ვადების მიმართ და ვარაუდობენ, რომ მფრინავები სულ მცირე 2024 წლის შუა რიცხვებამდე ვერ იქნებიან მზადყოფნაში.
უკრაინა 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ითხოვს F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებს, რადგან მიიჩნევს, რომ ცაზე რუსეთის უპირატესობას სწორედ ამ გზით გაანეიტრალებს.