საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 107-ე კმ-ზე დაბზარული გზა მიმდინარე სამუშაოს დროს ხელოვნურად ჩამოიშალა.
„მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩამოიშალა მიწის მცირე მასა. რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში. დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად მივიღეთ გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო განვლადობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია, დღეს დილიდან, სამუშაოს დაწყებამდე გაავრცელა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მიმდინარე სამუშაოს ფარგლებში, გზის ნაწილის ჩამოშლა მოხდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის არსებული საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე. ეს მონაკვეთი ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაო.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე სამუშაოს მიმდინარეობის პერიოდში, გადაადგილება დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დღის ბოლოსთვის იგეგმება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.