სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ვერტოდრომების მშენებლობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილები ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში შეიმუშავა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ვერტოდრომების მშენებლობის საკითხზე განაცხადეს, რომ აღნიშნული მიზნით სულ 333 ლოკაცია შეფასდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში საავიაციო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იგეგმება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნული აეროპორტის, ისე ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესებას. ასევე, იგეგმება თელავის აეროპორტის რეაბილიტაცია, ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაგრძელება. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი დანიშნულების ფრენების გეოგრაფიული არეალის გაფართოვებას, შიდა ფრენების და ტურიზმის სტიმულირებას.
რაც შეეხება ვერტოდრომების მშენებლობის საკითხს, გაცნობებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასრულა საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილების ტექნიკური თვალსაზრისით შესწავლა და შეიმუშავა ვერტმფრენებისთვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის შესწავლის ანგარიში. ჯამში, შეფასდა 333 წერტილი და მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რაც მნიშვნელოვანია შემდგომში კონკრეტული ლოკაციების შესარჩევად ვერტოდრომების მშენებლობისთვის,“ - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.