ანზორ ჩუბინიძის თქმით, პრემიერის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირმა, ტარიელ ღარიბაშვილმა გააკეთა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია. მის კომენტარს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.


ჩუბინიძის თქმით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულია შენატანი, რომელიც შეადგენს 34 ათასი ევროს ექვივალენტს ლარში.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.



ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. მთავრობის სტრატკომმა საპასუხო განცხადება გაავრცელა და სიუჟეტს დეზინფორმაცია უწოდა.

სტრატკომის განცხადებით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.


ოპოზიცია ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას მოითხოვს. 

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის დაკავებული უნდა იყოს - საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებ, "რუსული პარტიის" უმრავლესობა დატოვონ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, ლელო“ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, შეუერთდნენ ინიციატივას. 


„დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა! საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი... თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!" - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსებაზე დოკუმენტაცია. ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე.


„პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.


ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს.

სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს:

სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება;

საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურებას განვადებით არ აფორმებს” , - წერს საია-ს თავმჯდომარე Facebook-ზე.