EUMM ერგნეთის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

ერგნეთში 12 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (EUMM) 114-ე შეხვედრა გაიმართა. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის მონიტორინგის მისია ინფორმაციას ავრცელებს.

ევროკავშირიდან და ეუთოდან თანამონაწილეებმა გადაადგილების თავისუფლებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს, რადგან „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული საზღვრის (ABL) (საოკუპაციო ხაზი, რედ.) ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა კვლავ აწყდება დაბრკოლებებს, რომლებიც ზღუდავს მათ საარსებო შესაძლებლობებს, აფერხებს მათ ურთიერთობებს. თანამონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, თუ როგორ მოქმედებს ეს დაბრკოლებები განსაკუთრებით ქალებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ მათი შეფასებით, უსაფრთხოების ვითარება შედარებით სტაბილურია ბოლო ორი თვის განმავლობაში.


IPRM-ის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის ბოლოდროინდელი უსაფრთხოების ინციდენტები და დაკავებები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ დადებითად აღნიშნეს, რომ გრძელვადიანი დაკავების ზოგიერთი შემთხვევა ახლახან გადაიჭრა. მათ ასევე მოუწოდეს მონაწილეებს, შეწყვიტონ დაკავების პრაქტიკა და მხარი დაუჭირინ დანარჩენი დაკავებულების გათავისუფლებას.


მონაწილეები მიესალმნენ დღევანდელ კონსტრუქციულ დისკუსიებს სხვადასხვა შემაშფოთებელ თემაზე, როგორიცაა, ელექტროენერგიასა და სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა. 

მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას დაძაბულობის განმუხტვისა და ინფორმაციის გაცვლის გასაადვილებლად.

ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. 2008 წლის ომის შემდეგ ისინი დღეს 114-ედ შეიკრიბნენ.