„ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას. NATO-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული,“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, „საქართველომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ამერიკული ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.“
კობახიძის თქმით, ამ ინფორმაციის წყარო არასერიოზულია.
„წყარო ვინ არის ამ ინფორმაციის? ეს ხომ არასერიოზულია. წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ერთადერთი, რამაც შეიძლება, საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში.
ეს არის NATO-ს წევრობა. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ NATO-ს ქოლგა. არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? NATO-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი. ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული, “ – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.