გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების დიდი პაკეტი გადასცა. დახმარების პაკეტი მოიცავს Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, განაღმვის ტანკებს და საარტილერიო ჭურვებს.
უკრაინული მედიის ცნობით, პაკეტში შესული შეიარაღების განახლებული სია გერმანიის ფედერაციული მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.
პაკეტშია: Marder-ის ტიპის 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, შესაბამისი საბრძოლო მასალით (მანამდე გერმანიამ უკრაინას 40 ასეთი მანქანა გადასცა); WISENT 1-ის ტიპის 2 განაღმვის ტანკი (საერთო ჯამში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე 8 ასეთი ტანკი ჰყავს); დიდი ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილი ნახევარმისაბმელი 8x8 HX81 და 4 ნახევარმისაბმელი (მანამდე უკრაინას შესაბამისად 50 და 41 ერთეული გადაეცა); 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება (სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები, ყველგანმავლები); 5 სატვირთო მანქანა 8х8с და სასწრაფო დახმარების 3 ავტომობილი.