თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შემთხვევაში აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს. მან პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ აშშ სიტუაციას მჭიდროდ აკვირდება.
ვაშინგტონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს მხარი არ დაუჭიროს.
- „არც ერთი ერი დედამიწაზე, არავინ არ უნდა ეხმარებოდეს პუტინს უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობაში,” -აღნიშნა კირბიმ.
„თუ ჩრდილოეთ კორეა გადაწყვეტს, რუსეთს რაიმე სახის იარაღით დაეხმაროს, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ და შესაბამისად გავუმკლავდებით ამას. როგორც ჯეიკ სალივანმა წინა კვირას თქვა, ჩრდილოეთ კორეა შედეგებს შეეჯახება - როგორც შეერთებული შტატების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
პუტინი რასაკვირველია არტილერიას ეძებს. დონბასსა და უკრაინის სამხრეთში მხარეები ერთმანეთს ესვრიან, რაც ძალიან არის დამოკიდებული არტილერიაზე. ასე რომ, შესაძლებელია, ეს საბრძოლო მასალის სულ მცირე ერთი სახეობააა, რომელსაც პუტინი ეძებს. შესაძლოა, საუბარი საბრძოლო მასალის სხვა სახეობებზეც მიმდინარეობდა, მაგრამ მკაფიო სურათი ჯერ არ გვაქვს,” - განაცხადა ჯონ კირბიმ.