ISW: უკრაინაში, ელიტური რუსული ქვედანაყოფის მეთაური მოკლეს

რუსეთის 247-ე გვარდიის საჰაერო თავდასხმის პოლკის მეთაური, ვასილი პოპოვი უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

ვასილი პოპოვმა შეცვალა 247-ე პოლკის მეთაურის პოსტზე აგვისტოში ან სექტემბერში პიოტრ პოპოვი, რითაც გახდა 247-ე პოლკის მეორე მეთაური, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა.

ISW-ის ცნობით, დონეცკ-ზაპოროჟიეს რეგიონის საზღვარზე 247-ე პოლკის ქვედანაყოფები მოქმედებენ.


ISW-მ ადრეც გამოაქვეყნა შეფასება, რომ შედარებით ელიტური ძალები ახორციელებენ კონტრშეტევებს ფრონტის მნიშვნელოვან სექტორებში, ხოლო ვასილი პოპოვის სიკვდილი ამყარებს ISW-ის შეფასებას, რომ ეს შეტევები შეასუსტებს ამ დანაყოფებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს დილით ოფიციალურად დაადასტურა, რომ შტურმის შედეგად, კონტროლი დაამყარეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ ანდრეევკაზე. ის ქალაქ ბახმუტიდან სამხრეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წარმატება აქვთ ამავე რაიონში მდებარე კლეშჩეევკასთანაც. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა გასულ საღამოს გაავრცელა ცნობა, რომ ანდრეევკა უკრაინელების ხელშია და დაკავებულ პოზიციებს იმყარებენ.