მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი Europetime-თან აცხადებს, რომ სწავლებაში - Agile Spirit, დიდი ბრიტანეთი ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტინგენტით იყო წარმოდგენილი. ელჩის შეფასებით, ეს საქართველოს NATO-ში მისწრაფებისადმი მხარდაჭერის ძლიერი დემონსტრირებაა. 


„გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ნამდვილად ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით საქართველოს მხარდასაჭერად. ამას ვაკეთებთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმის, წვრთნებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებთან ჩართულობის გზით.

ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩატარდა წვრთნები - „Agile Spirit“ (მტკიცე სული) და ჩვენ ვნახეთ, რომ მასში თითქმის 200 ბრიტანელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ეს იყო ყველაზე დიდი კონტინგენტი ამერიკელების შემდეგ. ეს საქართველოს NATO-ში მისწრაფების მხარდაჭერის ნამდვილად ძლიერი და თვალსაჩინო დემონსტრირებაა,“ - განუცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა Europetime-ს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს NATO-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი აქვთ. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის 1919 წელს დამყარდა. 2022 წელს აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი.