თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი

უკრაინა ომის მეორე წლისთავის წინ და რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. კიევმა პირველ თებერვალს ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. დასავლეთი ხშირად იმეორებს, რომ პუტინის მიზანი არ შეცვლილა.


ამასთან, მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიულმა მიზანმა - აეღო კიევი, მარცხი განიცხადა. ევროპა რუსეთთან „პოტენციური ომისთვის მზადებასა და ევროპული საზოგადოების შემზადების აუცილებლობაზე“ საუბრებს ააქტიურებს. NATO-მ ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყო. 


შექმილ სურათზე Europetime-ს ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ყოფილი დირექტორი, „ევროპული რეფორმების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე იან ბონდი ესაუბრა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საერთოდ არ ჩანს იმის ნიშანი, რომ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის.


„გარკვეული გაგებით, თითქმის ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკებების მაგიდასთან - თუ, როგორც ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში, რეჟიმი არ შეწყვეტს არსებობას და არავინ დარჩება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოილაპარაკოს. მაგრამ ახლა საერთოდ არ ჩანს იმის ნიშანი, რომ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის; პირიქით, როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს იგივე მიზნისთვის მოქმედება - უკრაინის დამორჩილება, რაც 2022 წლის 24 თებერვალს სურდა. უკრაინა ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება.“


ანალიტიკოსი დასავლეთის მიზნებში მეტი მკაფიოობის მომხრეა საიმისოდ, რომ დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ დაინახოს ომის სტრატეგიული მნიშვნელობა და იმის აუცილებლობა, რომ რუსეთის მიერ იარაღის სისტემებისა და საბრძოლო მასალის წარმოების შესაბამისად მოქმედებდნენ.


„დასავლეთმა გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა უკრაინას რუსეთის ძალებისთვის არაპროპორციული ზიანის მიყენებასა და ომის პერიოდის შემცირებაში დაეხმაროს. ამავდროულად, ის უნდა დარწმუნდეს, რომ სანქციები საკმარისად მკაცრია, რათა სერიოზულად დააზიანოს რუსეთის ეკონომიკა, განსაკუთრებით კი, რუსეთის შესაძლებლობები თავდაცვის აღჭურვილობის წარმოების თვალსაზრისით,“ ამბობს იან ბონდი.


შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.


ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.