ევროკომისიამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაახანგრძლივა. ამასთან, ევროკომისია უკრაინისგან გარკვეული ზომების დაცვას ითხოვს.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებისგან შეიკავებს თავს იქამდე, ვიდრე უკრაინის მიერ მიღებული ზომები ძალაში იქნება და სრულიად იმუშავებს.
„არსებულ ზომებს ვადა დღეს გასდის. უკრაინა დათანხმდა 30 დღის განმავლობაში ნებისმიერი სამართლებრივი ზომა მიიღოს (მათ შორის, მაგალითად, საექსპორტო ლიცენზირების სისტემა) მარცვლეულის მოზღვავებისთვის თავის ასარიდებლად.
მანამდე უკრაინამ 2023 წლის 16 სექტემბრიდან სურსათის 4 ჯგუფის ექსპორტის კონტროლზე ეფექტიანი ზომები უნდა მიიღოს, რათა მეზობელ წევრ ქვეყნებში ნებისმიერი საბაზრო ცვლილებები აღკვეთოს,” - ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ამასთან, ევროკომისია და უკრაინა ვითარების გააკონტროლებენ, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაუთვალისწინებელ სიტუაციებზეც მოახდინონ რეაგირება.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას და მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.
„ეს არის ნამდვილი ერთიანობისა და ნდობის მაგალითი უკრაინასა და ევროკავშირს შორის. ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მუშაობს და შეთანხმებები სრულდება," - განაცხადა ზელენსკიმ ფონ დერ ლეიენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ცნობისთვის, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აკრძალვას ცალმხრივად გააგრძელებენ.