ირლანდიის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი იმოქმედებს

ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, მიჰო მარტინის შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ, რაც, მხარეთა შეფასებით, დაეხმარება ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის განვითარებასა და როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში არსებული ურთიერთობების გაღრმავებას, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ირლანდიის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პრაქტიკულ მხარდაჭერას.


ამასთან, ირალნდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე გაასაჯაროვა ირლანდიის გადაწყვეტილება ირლანდიაში მგზავრობისას დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეების ვიზისგან გათავისუფლების შესახებ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად მიმდინარეობს გადაწყვეტილების ტექნიკური იმპლემენტაცია. მხარეები მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამატივებას.


„შეხვედრაზე მინისტრები ასევე მიესალმნენ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ირლანდიაში, რომელიც პირველად შედგა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ. აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო განავითარებს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგს, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება დაფასებული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.


თავის მხრივ, ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. საუბრისას ხაზი გაესვა ამ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ირლანდიის მხარდაჭერის მნიშვნელობას და ამ პროცესში ირლანდიის პოზიტიური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.


შეხვედრაზე ვრცლად მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი. აღინიშნა ირლანდიის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სექტორული, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას და ამ მხრივ არსებულ პოტენციალს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც.


ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ირალნდიის აქტიური ჩართულობისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წელს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის თბილისში გამართვის საკითხი. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია,“ - ნათქვამია საარეო უწყების ინფორმაციაში.