რუსეთი მოსკოვსა და ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყება

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვსა და ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით იერიში იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმის თავზე ღამით ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებთ, ორი დრონი განადგურებულია ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს რაიონში, კიდევ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი კი ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებთან.


დრონების ჩამოგდების შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინიც ავრცელებს ინფორმაციას. მისი განცხადებით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მოიგერიეს ისტრის რაიონში. მოგვიანებით სობიანინმა განაცხადა, რომ რამენის რაიონში ჩამოაგდეს კიდევ ერთი დრონი, რომელიც რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმას ცდილობდა. ამასთან, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას უპილოტო საფრენი აპარატის დომოდედოვოს რაიონში განადგურების შესახებ.

რუსულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ორლოვსკის ოლქში დრონით იერიშის შედეგად ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა. ოლქის გუბერნატორის ანდრეი კლიჩკოვის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამრეწველო ობიექტზე საწვავის ავზს. მისი განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. 


  • ცნობისთვის, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.