თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს. Reuters-ი თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით წერს, რომ მასკის თქმით, Tesla-სთან უკვე ბევრი თურქი მომწოდებელი მუშაობს და თურქეთი მისი შემდეგი ქარხნის ასაშენებლად ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატია.
ერდოღანმა მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში დაგეგმილ კოსმოსურ და ტექნოლოგიების ფესტივალ Teknofest-ზე დასასწრებად მიიწვია და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს მიწვევა მიიღო.
ცნობისთვის, ილონ მასკმა მაისში განაცხადა, რომ კომპანია ახალი ქარხნისთვის ადგილს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე შეარჩევს. Tesla-ს ამჟამად ექვსი ქარხანა აქვს და მეშვიდეს მექსიკაში აშენებს.