ლატვია რუსეთის 3600-მდე მოქალაქეს ქვეყნის დატოვებას მოსთხოვს

რუსეთის დაახლოებით 3600 მოქალაქემ სამი თვის განმავლობაში ლატვიის დატოვების შესახებ შეტყობინება მომავალ კვირაში უნდა მიიიღოს. მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა ოფისის (OCMA) წარმომადგენელმა, მაირა როუზმა TV3 არხს განუცხადა, რომ ზუსტად ამდენმა ადამიანს არ ჩაუბარებია ლატვიური ენის გამოცდა და არც განაცხადი წარუდგენიათ.


რუსეთის ფედერაციის 25 ათასი მოქალაქიდან, რომლებიც ახალ კანონს ექვემდებარებიან, 14 ათასმა მოითხოვა ლატვიის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი. გარდა ამისა, ათასობით ადამიანმა ბინადრობის ნებართვის მისაღებად შესაბამის უწყებას მიმართა.


მანამდე ლატვიის სეიმმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები საიმიგრაციო კანონში, რომლის მიხედვითაც, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებს ენის სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების ვადა ორი წლით უხანგრძლივდებათ.