უკრაინის ბოლო წინსვლები ზაპოროჟიეს ოლქსა და ბახმუტის სამხრეთით, ადასტურებს, რომ რუსეთის ქვედანაყოფებმა ამ რაიონებში დიდი დანაკარგები განიცადეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს.
ISW-მ გამოავლინა რამდენიმე რუსული ქვედანაყოფი, მათ შორის 42-ე მოტორიზებული მსროლელი დივიზია, რომლებიც რეგულარულად ებრძოდნენ უკრაინულ ჯარებს კონტრშეტევის ადრეულ ეტაპებზე.
„ბოლოდროინდელი ცნობები ცხადყოფს, რომ უკრაინის კონტრშეტევის პირველ ფაზებზე მიღებულმა მსხვერპლებმა რუსული შენაერთები არაეფექტიანი გახდა,“ - წერს ISW.
ISW-მ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ელემენტებმა, როგორც ჩანს, უკან დაიხიეს უფრო ღრმა თავდაცვითი ხაზების უკან, უკრაინის მიერ რობოტინის გათავისუფლების შემდეგ. გარდა ამისა, ISW-მ განაცხადა, რომ ელიტურმა რუსულმა ქვედანაყოფებმა, რომლებიც კონტრშეტევაში უკრაინის ჯარების წინსვლას ეწინააღმდეგებიან, „სავარაუდოდ, მძიმე დანაკარგები განიცადეს ისევე, როგორც ბახმუტის სამხრეთით მდებარე რუსულმა შენაერთებმა.
ISW-ის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა დონის დეგრადაცია განიცადეს რუსულმა დანაყოფებმა ხსენებულ სექტორში და რომ დანაკარგები შეიძლება, განსხვავდებოდეს ერთეულების მიხედვით. თუმცა, ISW-მ განმარტა, რომ „ამჟამად ხელმისაწვდომი მტკიცებულებები“ მიუთითებს მძიმე დანაკარგებზე, მათ შორის საბრძოლო ეფექტიანობის დაკარგვაზე ელიტურ რუსულ ქვედანაყოფებს შორის.