არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, Europetime გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის, პოლ გობლის შეფასებას.
ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სომხები ყარაბაღიდან მასობრივად დაიწყებენ გასვლას, რაც რეპუტაციულად აზერბაიჯანს დააზიანებს. რაც შეეხება რუსეთს, გობლის შეფასებით, რუსეთი უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ მისი სამხედროები, ე.წ. სამშვიდობოები არანაირად არ ჩაერთვებიან პროცესებში.
„არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სომხების დიდი რაოდენობა დატოვებს ტერიტორიას. ასეთი რამ ნამდვილად დააზარალებს ბაქოს რეპუტაციას. რუსეთი, სავარაუდოდ, დაიჩივლებს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ არცერთი მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობო არ იყოს ჩართული (პროცესებში, რედ.),“ - აღნიშნავს პოლ გობლი.
მან დღეს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიასთანაც ისაუბრა. კერძოდ, რაც შეეხება არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს, გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს საუბარი: „ამ ბოლო დროს სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან არც ისე კარგია. რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ირანს შეუძლია, პრობლემები შექმნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს,“ - აღნიშნა პოლ გობლმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა აზუსტებს, რომ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.