მედიის ცნობით, ერევანში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

ერევნის ცენტრში 19 სექტემბერს ოპოზიციური ძალების აქცია გაიმართა. რადიო თავისუფლების ცნობით, თავდაპირველად, აქცია მოაწყვეს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა, რომლებიც მთავრობისგან მოქმედებას მოითხოვდნენ სომხებით დასახლებულ რეგიონში, რომელიც დე იურე აზერბაიჯანს ეკუთვნის.

რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის თანახმად, მიტინგს შემდგომ შეუერთდა ოპოზიციური პარტია, რომელიც მოითხოვს, რომ ერევანმა უარი თქვას მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებაზე. მიტინგის დროს მოხდა შეტაკება პოლიციასთან, არიან დაშავებულები პოლიციებს შორისაც.

  • საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ აღძრულია საქმე მასობრივი არეულობისკენ საჯარო მოწოდების და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში მონაწილეობის მუხლებით.

ოპოზიციური ძალები ასევე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინანის გადადგომას.


სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ  შორის არიან, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე პოლიციელები. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი, ჰოსპიტალიზებულია.


სომხეთის უშიშროების ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ზომებს მიიღებს „ნებისმიერი ქმედებების გასანეიტრალებლად“, რომელიც შიდა უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ახდენს.

სომხური მედიის ინფორმაციით, მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს.


შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები სომხეთში დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“ ახორციელებენ.

ბოლო ცნობებით დაღუპულთა რიცხვი 25-ია, დაშავებულია 139 ადამიანი.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმ გარე და შიდა ძალებს, რომლებიც ქვეყნის ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩართვას ცდილობენ, არ უნდა მიეცეთ საშუალება, საფრთხე შეუქმნან სომხეთის სახელმწიფოებრიობას და სომხეთმა, ესკალაციის ფონზე, „არ უნდა გადადგას გაუთვლელი, მკვეთრი და ავანტიურისტული ნაბიჯები“. ფაშინიანმა 19 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ სომხეთის არმია საომარ მოქმედებაში არ არის ჩართული. მან აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთს არმია არ ჰყავს.


არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, Europetime გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის, პოლ გობლის შეფასებას.


გობლის შეფასებით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სომხები ყარაბაღიდან მასობრივად დაიწყებენ გასვლას, რაც რეპუტაციულად აზერბაიჯანს დააზიანებს. რაც შეეხება რუსეთს, გობლის შეფასებით, რუსეთი უკნაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ დარწმუნდება, რომ მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობოები არანაირად არ ჩაერთვებიან.

„არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სომხები დიდი რაოდენობით დატოვებენ ტერიტორიას. ასეთი რამ ნამდვილად დააზარალებს ბაქოს რეპუტაციას. რუსეთი, სავარაუდოდ, დაიჩივლებს, მაგრამ დარწმუნდება, რომ არცერთი მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობო არ იყოს ჩართული (პროცესებში, რედ.),“ - აღნიშნავს პოლ გობლი.


მან დღეს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიასთანაც ისაუბრა. კერძოდ, რაც შეეხება არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს, გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს საუბარი: „ამ ბოლო დროს სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან არც ისე კარგია. რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ირანს შეუძლია, პრობლემები შექმნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს.“


შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.