პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატების უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებამდე, უარს ამბობს წარადგინოს საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს რამდენიმე დღის წინ შესთავაზა თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურები.

„ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო. კანდიდატები წარმოდგენილნი არ იყვნენ კომიტეტის სხდომაზე, ეს ასევე მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. უკან გაწვევის რა მექანიზმები არსებობს", - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

მისივე თქმით, საპარალამენტო უმრავლესობა არღვევს (მუხლი 68) საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ ჩანაწერს.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ, 15 სექტემბერს პარლამენტს წარუდგინა საბჭოს ორი კანდიდატურა: ნანა ყეინიშვილი 2012-2016 საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან". ის საქმიანობდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე. მან მმართველი პარტია 2016 წლის აგვისტოში დატოვა; თეიმურაზ ხომერიკი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში საქმიანობს.